იუსტიციის სახლის სერვისების უმრავლესობა დისტანციურადაა ხელმისაწვდომი, თუმცა, თუ მოქალაქე ვერ ახერხებს დისტანციურად სერვისებით სარგებლობას ან ისეთი მომსახურება სჭირდება, რომლისთვისაც ადგილზე ყოფნა აუცილებელია, მაგალითად, პირველადი პირადობის ელექტრონული მოწმობის ან ბიომეტრიული პასპორტის მიღება, მას შეუძლია, მიმართოს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით.
ისეთ გადაუდებელ მომსახურებას, როგორიც არის გარდაცვალების პირველადი მოწმობის გაცემა, მოქალაქე კვირის დღეებში მიიღებს ვიზიტის დაჯავშნის გარეშე, ხოლო შაბათ-კვირას – მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
რაც შეეხება დაბადების მოწმობას, კვირის დღეებში სერვისი გაიცემა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით, ხოლო შაბათ-კვირას – მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა შესაძლებელია მოქალაქის პორტალზე MY.GOV.GE. იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მისული მომხმარებელი ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე სერვისის მიღებას ვერ შეძლებს. მომსახურების მისაღებად მისული პირი შენობებში მხოლოდ პირბადით დაიშვება.